სკოლა გიმნაზის ისტორია
სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახ. სკოლა-გიმნაზია დაარსდა 1999 წლის ნოემბერში. სასწავლებლის დაარსების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ეკუთვნის.
საქართველოსსაპატრიარქოსგიმნაზიისთვისგანათლებისსამინისტროს ბალანსიდან გადმოეცა შენობა, რომელიც ფაქტიურად მხოლოდ კედლებს წარმოადგენდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სკოლა-გიმნაზიის პირველ რექტორად დაინიშნა დეკანოზი თევდორე (ახალაძე), ენერგიული და ორგანიზატორული ნიჭის მქონე ადამიანი, რომლის ძალისხმევით, მიუხედავად შენობის უქონლობისა, გიმნაზია-პანსიონმა არსებობა დაიწყო 1999 წელს.
თავდაპირველად, სკოლა-გიმნაზია განთავსდა სოფ. აჩხოტის მამათა მონასტერთან არსებულ დარბაზში, რომელიც სამეცადინო და საძინებელ ნაწილებად დაიყო. იმ დროისათვის მონასტრის წინამძღვარი იყო იღუმენი იეგუდიელი (ტაბატაძე), სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ამჟამინდელი მთავარეპისკოპოსი. ბევრი ოჯახი ვერ ბედავდა ბავშვების გიმნაზიაში მოყვანას , ამიტომ მრევლი სოფელ-სოფელ დადიოდა და მოსახლეობას უხსნიდა, თუ რა ტიპის სასწავლებელი იხსნებოდა რაიონში, მაგრამ მოსახლეობის ნდობის მოპოვება იოლი არ აღმოჩნდა.
სკოლა-გიმნაზიაში თავიდან ირიცხებოდა 12 მოსწავლე. სწავლება მიმდინარეობდა დაწყებით საფეხურზე 4 კლასის ბაზაზე. მიუხედავად ეკონომიური სიდუხჭირისა, სასწავლებელი თავიდანვე პანსიონის ტიპისა იყო, მოსწავლეებს სამ სმენაში უწევდათ სწავლა. გიმნაზიისთვის გამოყოფილი დარბაზი ვერ თბებოდა გაზის უქონლობის გამო, ამიტომ გიმნაზია-პანსიონი გადავიდა იმ დროინდელ დაბა ყაზბეგში არსებულ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში.
სკოლა-გიმნაზია რაიონში არსებული სკოლებისგან განსხვავდება იმით, რომ აქ ჩამოყალიბდა სულიერი მოძღვრის ინსტიტუტი, რაც გულისხმობს სასულიერო პირთან მოსწავლის ყოველდღიურ ურთიერთობას.გიმნაზია-პანსიონში მოეწყო სამლოცველო, დაიწყო საღვთო სჯულის სწავლება, სწავლასთან ერთად გიმნაზია-პანსიონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად იქცა ლოცვა.
სკოლა-გიმნაზიის პირველი მოძღვარი და საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო აჩხოტის წმ. ნიკოლოზის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი იეგუდიელი.
სკოლა-გიმნაზიის პირველი თანამშრომლები იყვნენ ადგილობრივი ეკლესიების მრევლი: სასწავლო ნაწილი -ნინო ვარძუკაშვილი, კანცელარიის გამგე და აღმზრდელი მაია ვალიშვილი. აღმზრდელები: გიორგი ალიბეგაშვილი და თამარ საბაური. მასწავლებლები: ხათუნა ქავთარაშვილი, მაია ფიცხელაური და ფიქრია სამქანაშვილი.
სკოლა-გიმნაზიის შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის პირველი ფულადი შემოწირულობა გაიღეს მეუფე დიმიტრის ძმამ გიორგი (გოგი) შიოლაშვილმა და მისმა მეგობრებმა, ხოლო სასკოლო ინვენტარი შემოსწირა რაფიელ შიოლაშვილმა. შენობის რემონტი დაიწყო 2000 წლის ზაფხულში. მიმდინარეობდა თავდაუზოგავი მუშაობა, რომ სასწავლო წილს დასაწყისისთვის მოხერხებულიყო სასწავლო პროცესისთვის საჭირო ოთახების გარემონტება. სახსრების უქონლობის გამო მუშახელს ძირითადად მოხალისეები წარმოადგენდნენ. ესენი იყვნენ სასულიერო პირები, ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მრევლი. განსაკუთრებით გამოირჩეოდა მამა პეტრე (ყრუაშვილი) და მისი მრევლი. ადგილობრივი მოსახლეობა თავიდან ნაკლებად იღებდა მონაწილეობას, ვინაიდან არ სჯეროდათ ამ წამოწყების წარმატებისა. მოგვიანებით მოხდა მოსახლეობის ჩართვა შენობის რეაბილიტაციაში. სოფ. ყანობის მკვიდრის, ბ-ნ რეზო კობიაშვილის სპონსორობით,გარემონტდა შენობის პირველი სართულის დარჩენილი ნაწილი და ჩაისვა კარ-ფანჯრები მეორე სართულზე.
2000 წელს სკოლა-გიმნაზიის რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილარიონი (ჭიღლაძე), რომელიც სამი წლის განმავლობაში არ იშურებდა ძალისხმევას, რომ სკოლა-გიმნაზიის შენობაში სწავლება შესაძლებელი გამხდარიყო. ვინაიდან შემოწირული თანხა ძლივს ყოფნიდა საშენი მასალის შეძენას, მუშახელს მამა ილარიონი და სკოლა-გიმნაზიის თანამშრომლები წარმოადგენდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი ქალები იყვნენ. ის ფიზიკური დატვირთვა, რასაც სარემონტო სამუშაოები მოითხოვს, საკმაოდ რთული იყო მათთვის. მიუხედავად ყველაფრისა ამ საქმეს მაინც სიხარულით ემსახურებოდნენ. შენობის რემონტი სახსრების უქონლობის გამო მიმდინარეობდა ნაწილ-ნაწილ, ყოველ ზაფხულს, რათა სასწავლო წლის დასაწყისისთვის შესაძლებელი ყოფილიყო მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღება.
სკოლა-გიმნაზიის კადრს ძირითადად ახალგაზრდა, მონდომებული ადამიანები წარმოადგენდნენ, რომელთა მეცადინეობით სკოლა-გიმნაზიაში მიმდინარეობდა სრულყოფილი და ნაყოფიერი სასწავლო პრიცესი. ჩამოყალიბდა გალობისა და ხელოვნების წრეები, ტარდებოდა, სხვადასხვა ღონისძიებები.
სკოლა-გიმნაზია არსებობდა შემოწირულობების ხარჯზე. ეს იყო არასტაბილური შემოსავალი. იყო პერიოდი, როდესაც დაფინანსება ისე კლებულობდა, რომ ბავშვების კვებისთვის გამოყოფილი თანხა მიზერულ დონეს აღწევდა, მაგრამ ღვთის წაყალობით გამოსავალი ყოველთვის ჩნდებოდა. 2001 წელს მამა ილარიონის მეცადინეობით სკოლა-გიმნაზიის დაფინანსება ჩაისვა საპატრიარქოს ბიუჯეტში. პატრიარქი აქტიურად იყო ჩართული სკოლა-გიმნაზიის ცხოვრებაში. თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა, პირადად ეცნობოდა სკოლა-გიმნაზიაში არსებულ პრობლემებს და სახავდა მათი გადაჭრის გზებს, ამხნევებდა სკოლა-გიმნაზიაში მომუშავე სასულიერო პირებს და პერსონალს. პირადად ესაუბრებოდა და არიგებდა მოსწავლეებს.
2003 წელს სკოლა-გიმნაზიის რექტორად დაინიშნა ახლადშექმნილი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე პეტრე (ცაავა). მეუფე პეტრეს ხელშეწყობით მნიშველოვნად გამოსწორდა სკოლა-გიმნაზიის ეკონომიური მდგომარეობა. შეკეთდა და გარემონტდა შენობის მე-2 სართული,ა სკოლა-გიმნაზია ეწეოდა უფრო აქტიურ ცხოვრებას. ეწყობოდა ბევრი ღონისძიება, რომელზეც ხშირად იწვევდნენ სტუმრებს, რამაც გამოიწვია სკოლა-გიმნაზიის რეიტინგის ამაღლება ადგილობრივ მოსახლეობაში.
2007 წლიდან სკოლა-გიმნაზიის რექტორი არის სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი /ტაბატაძე/. მეუფე იეგუდიელის ძალისხმევით განახლდა და გარემონტდა შენობის სამივე სართული, გარე ფასადი, გაკეთდა საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტები რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, განახლდა სასკოლო ინვენტარი, აშენდა სპორტული დარბაზი, მუშაობს სასკოლო ბიბლიოთეკა და კომპიუტერის კაბინეტი, გაკეთდა ცენტრალური გათბობა.დღესდღეობით სკოლა-გიმნაზია მთლიანად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. იგეგმება სახელოსნოების, სამლოცველოსი და ეზოში ღია სტადიონების მოწყობა.
ამჟამად სკოლა-გიმნაზიაში მუშაობს 2 წრე. სკოლა-გიმნაზიის აღსაზრდელები ხშირად ღებულობენ მონაწილეობას ადგილობრივ და საპატრიარქოს სკოლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. სკოლა-გიმნაზია 2008 წლიდან ჩართულია სასულიერო გიმნაზიების ფესტივალში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ქ. ზუგდიდში. სპორტული დარბაზის აშენებამ ხელი შეუწყო სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას. 2010 წელს გამართულ ფეხბურთის რაიონულ ტურნირში სკოლა-გიმნაზია გახდა სარაიონო გარდამავალი თასის მფლობელი. რაიონის მთავრობისა და სკოლა-გიმნაზიის დირექტორის ხელშეწყობით ჩვენს აღსაზრდელებს საშუალება აქვთ დაკავდნენ სამთო-სათხილამურო სპორტით გუდაურში.
სკოლა-გიმნაზიას საკუთარ მფლობელობაში ჰყავს მიკროავტობუსი, რომლის საშუალებით მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან ერთად აწყობენ ექსკურსიებს რაიონისა და ქვეყნის მასშტაბით.
2008 წელს უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევითა და ძალისხმევით დაარსდა გიმნაზიასთან არსებული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა.
2007 წელს სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახ. სკოლა-გიმნაზიამ გაუშვა კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი, კურსდამთავრებულების რაოდენობა შეადგენდა 11 მოსწავლეს, მათგან უმეტესმა სასწავლებლად აირჩია თბილისის სასულიერო სემინარია და სემინარიასთან არსებული ინსტიტუტი, რაც სკოლა-გიმნაზიის დირექციისთვის და პერსონალისთვის სასიხარულო ფაქტი იყო, რადგან წლების წინ პატრიარქის ჩანაფიქრმა და სკოლა-გიმნაზიის დაარსებასთან დაკავშირებულმა ყოველი ადამიანის შრომამ თავისი პირველი ნაყოფი გამოიღო.
დღესდღეობით სკოლა-გიმნაზიაში ირიცხება 126 მოსწავლე, რაც მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე ყაზბეგის რაიონისთვის, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
